ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებული განცხადება შეფასებების თემაა თბილისში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ნატოს მისიებში ქართველმა ჯარისკაცებმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაიღეს. მათივე შეფასებით, საქართველოს ყოველდღიური წინსვლა აქვს დემოკრატიის მიმართულებით, თუმცა ამის საპირწონედ მხოლოდ განცხადება ისმის და რეალურ ნაბიჯები არ ჩანს. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციაა, რომ საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნებში, რითაც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია“ – ნათქვამია ოფისის განცხადებაში.