NATO-ს პოლიტიკა - მარკ რუტეს განცხადება 

ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობის და პოლიტიკური კონტაქტების შეჩერების ფონზე ახალი გზავნილი ნატოდან.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებამ პოლიტიკურ სივრცეში მძიმე რეაქციები გამოიწვია. ოფიციალური თბილისი ორგანიზაციისგან მეტ კონკრეტიკას და გადაწყვეტილებებს ითხოვს. მარკ რუტემ საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა აშფოთებს. მეტიც, სომხეთსა და აზერბაიჯანს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უკეთესი შეფასებები მისცა. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის ანგარიშში არსად გვხდება ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ და არც ღია კარის პოლიტიკაა ხაზგასმული, რუტეს განცხადებამ კიდევ უფრო მეტი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაში ადანაშაულებს და გლობალური დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის გაქრობაზე მიუთითებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის შეფასებას უსამართლოდ მიიჩნევს ხელისუფლება, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე და სამხედრო კუთხით ქვეყანას ნატოს წევრობისთვის მზად აცხადებს. უსამართლო დამოკიდებულების კონტექსტში განიხილება უკრაინის მაგალითიც – ალიანსში უკრაინის წევრობის საკითხიც ამ დრომდე ღიად რჩება.