ნატო-ს მინისტერიალი

ნატო-ს მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული რაკეტებისგან შექმნილი საფრთხე იყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებს აქვთ ერთიანი პოზიცია, რომ რუსეთმა საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება დაარღვია. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის ქმედებებს სარკისებურად არ უპასუხებს და ალიანსს სურს შეიარაღების კონტროლი. ნატო-ს მინისტერიალზე იმსჯელეს თავდაცვით ხარჯებთან დაკაშირებულ პროგრესზე. სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები თავდაცვის სფეროს დაფინანსებას ზრდიან და ეს სამომავლოდაც გაგრძელდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა უკრაინაში რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა ადგილზე უსაფრთხოებას და სტაბილურობას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. ნატო-ს ჩრდილო ატლანტიკური საბჭო ამ წუთებში მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციულ პარტნიორ ქვეყნებთან და პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებთან მართავს შეხვედრას.