ნატო-ს მინისტერიალი

თბილისი ვარშავიდან მნიშვნელოვან განცხადებებს ელოდება. ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ორგანიზაციაში საქართველოს პერსპექტივაა. ქვეყნისთვის საინტერესო ჩანაწერებია ალიანსის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც იენს სტოლტენბერგის დავალებით არის მომზადებული. მოლოდინი ოპტიმისტურია: სწორედ ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ, ხელისუფლება ნატო-სთან მოლაპარაკებების ახალ დონეზე გადასვლას პროგნოზირებს და მაპი-ს მინიჭების გაზრდილ პერსპექტივაზე მიუთითებს. ანგარიშის ავტორები ორგანიზაციას პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგის უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.

სულ ცოტა ხანში ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს,  მანამდე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დისტანციურად მინისტერიალში მონაწილეობა უკვე მიიღო. სპეციალურად ამისთვის დავით ზალკალიანი პოლონეთში გაემგზავრა და მოხსენებით პოლონელ კოლეგასთან ერთად წარსდგა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ისაუბრა როგორც საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე, ისე ქვეყნის ტერიტორიული  მთლიანობის პრობლემაზე, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში საქართველოს როლზე  და რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.