ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი

საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიდის,- ეს არის მთავარი გზავნილი იენს სტოლტენბერგისგან, რომელმაც თბილისი უკვე დატოვა.

ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება და რომ ჩვენი ქვეყანა ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება. თუმცა მანამდე ორგანიზაცია რეფორმების გაგრძელებას ითხოვს, მათ შორის სასამართლო სფეროში.

სტოლტენბერგის ტონი მკაფიო იყო რუსეთის ფაქტორზე საუბრის დროსაც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს ამჯერად თბილისიდან უთხრა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ ალიანსის და ქვეყნის გადასაწყვეტია და მესამე მხარე პროცესში ვერ ჩაერევა.

სტოლტენბერგმა რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანისკენაც მოუწოდა. ეს საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის უკვე მესამე ვიზიტი იყო, რა დროსაც პირველმა არხმა მასთან ინტერვიუც ჩაწერა.