ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი

მე ძალიან მომწონს სამშვიდობო გეგმა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტს, განათლების მიღებას, სამედიცინო მომსახურების მიღებას – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე “მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში. როუზ გოტემოლერი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ნატო-ში კარგად იციან, ომის რა მძიმე შედეგებთან უწევს ყოველდღიურად ქართველ ხალხს გამკლავება.  “თუ თქვენ აკეთებთ ყველაფერს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, და მეორე მხრივ, აგრძელებთ რეფორმებს და ასევე პროგრესია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ დამიჯერეთ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი სკეპტიკოსებისთვის – ასეთია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის პოზიცია.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა. ღონისძიება მშვიდობის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. მიღებაზე მიწვეული იყო პირველი არხის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

ქეთი ქარდავა თავად აღმოჩნდა თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევის – ტერორისტული თავდასხმის ეპიცენტრში და ამ კრიტიკულ მომენტშიც მოახერხა, მსოფლიოსთვის ის შემზარავი კადრები ეჩვენებინა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდეს მშვიდობაზე, მშვიდობის ფასზე და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.