ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულები არიან ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუსეთისთვის ნატო-ს ინიციატივების წერილობითი ფორმით გადაცემის თაობაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოება კრიტიკული მომენტის წინაშეა. ნატო მოუწოდებს რუსეთს ვითარების დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიაჩნიათ, რომ დაძაბულობა და უთანხმოებები მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა გადაიჭრას და არა ძალისმიერი მეთოდებით. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სამ ძირითად სფეროში ხედავს რუსეთთან პროგრესის შესაძლებლობას. პირველი – ნატო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების განახლება. მეორე, – ევროპული უსაფრთხოებაა, მესამე კი, რისკების შემცირება, გამჭვირვალეობა და შეიარაღებაზე კონტროლის სფეროა.

დატოვე კომენტარი