NATO-ს გენერალური მდივნის ანგარიში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

თბილისში ისევ შეფასებების თემაა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, აღარ მოხვდა. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, 2024 წლის დოკუმენტიდან ამოღებულია ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის ფორმულირება და ამ ქვეყნებთან მხოლოდ თანამშრომლობის საკითხებზეა საუბარი.

იოზვიაკის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე საუბარი არ არის. ნატო-ს შეცვლილ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დაუმსახურებელი გადაწყვეტილებაა მიღებული.