ნატო-ს დაარსების 72 წელი

დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 72-ე წელს აღნიშნავს. პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანება, რომელიც დღეისათვის უკვე 30 წევრს ითვლის, 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში დაარსდა.  მის მთავარ მიზანს კი, ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ნატო მის თავდაცვის პოტენციალს არსებული საფრთხეების წინააღმდეგ მიმართავს და აქტიურად მონაწილეობს კრიზისების მართვის ოპერაციებში.  ალიანსს ჰყავს  გლობალური პარტნიორები და  „პარტნიორობა მშვიდობისთვის“  პროექტის ფარგლებში პარტნიორი  ქვეყნები, რომელთა შორის მოაზრება საქართველოც.

თარიღს საქართველოს პრემიერი ეხმაურება: „ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული. ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით. ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა“– აცხადებს პრემიერ-მინისტრი.