ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა

ჟენევის შემდეგ ბრიუსელი – 10 იანვარს დაწყებული დიალოგი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დღეს ნატოს შტაბბინაში გაგრძელდა.

ალიანსის გენერალური მდივანი ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის ულტიმატუმების მიღებას და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გამართულ რთულ მოლაპარაკებებზე მოსკოვმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო: ნატო ღია კარის პოლიტიკას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ გადახედავს. მოწოდებაა, რომ რუსეთმა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან სამხედროები გაიყვანოს. ალიანსი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პასუხი იქნება მკაცრი. მოლაპარაკებებს ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ესწრებოდა, რუსეთს კი საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები წარმოადგენდნენ. თავის მხრივ დასავლეთისთვის წაყენებულ მოთხოვნებზე უარის თქმას არც მოსკოვი გეგმავს. ნატოს ზოგიერთი წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ორგანიზაცია რთული სცენარისთვისაც მზად არის. ხვალ დიალოგი ვენაში უნდა გაგრძელდეს.

დატოვე კომენტარი