კახეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობისა და მომზადების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შექმნილი ჰქონდათ ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია. ბრალდებულები ე.წ. დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს აფასოებდნენ და ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკი. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, მობილური ტელეფონები, ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.