ნარკოპოლიტიკის რეფორმა
 ანტინარკოტიკულ რეფორმას ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით, კანონმდებლობა განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის მკაცრდება. თუმცა, დამატებითი შეზღუდვები ნარკომომხმარებლებსაც უწესდებათ და ისინი ადმინისტრაციული წესითაც დაისჯებიან. დაგეგმილი ცვლილებებით ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მცენარე კანაფისა და მარიხუანას რეალიზებისთვის სასჯელი მაქსიმალური იქნება. ნარკორეალიზატორს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
 
დაგეგმილი ცვლილებები ნარკომომხმარებლებისთვის პატიმრობას არ ითვალისწინებს, თუმცა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში, მათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სამი წლით აეკრძალებათ და იარაღთან დაკავშირებული უფლებები შეეზღუდებათ. ამასთან 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. ნარკოტესტზე უარის თქმის შემთხვევაში კი მოქალაქე, ნარკომომხმარებლის მსგავსად, ადმინისტრაციული წესით დაისჯება. რეფორმის ფარგლებში, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ფორმებზე კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.