ნაპრალები ვაშლიჯვრის ფერდზე

ნაპრალები ვაშლიჯვრის ფერდობის შუა ნაწილზე, – სპეციალისტები სამუშაოების შეჩერების რეკომენდაციას გასცემენ. ტერიტორიაზე, სადაც მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის სამუშაოები მიმდინარეობს, ნაპრალები გაჩნდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი დაზიანებები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პრობლემის სრულად აღმოფხვრა გეოლოგების შეფასებით, ვაშლიჯვრის ფერდზე შეუძლებელია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლაა აუცილებელი, სამშენებლო სამუშაოები კი უნდა შეჩერდეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სამი პრობლემური მონაკვეთი გამოიკვეთა და ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს. ასევე, როგორც კახა კალაძე ამბობს, მთის ფერდის ამ ნაწილზე განვითარებული პროცესები მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.