ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ლიახვზე

21:16, 23.11.2025

გორში, ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას მდინარის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პროექტის დამფინანსებელი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს. ასევე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს და სამუშაოები პროექტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ გორში, დასასვენებელი პარკის მიმდებარედ, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს კერძო კონტრაქტორი კომპანია, „იმერმშენი“ ასრულებს. პროექტი მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობასა და არსებულის ხიმინჯებით გამაგრებას ითვალისწინებს. სამუშაოების არეალში შესაძლო სამართალდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ნოემბერს დააფიქსირეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების პროცესში ლიახვის მიმართულება შეიცვალა, რის შედეგადაც მდინარის აქტიური კალაპოტის დროებითი დაშრეტა მოხდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობს ზედამხედველობის სამსახურებთან, გარემოებების სრულად გარკვევისა და პროექტის ტექნიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი