„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. აქტივისტები, თითქმის 7-თვიანი პროტესტის შემდეგ, თავიანთ მოთხოვნებს დღეს უკვე დედაქალაქიდან გაახმოვანებენ. შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, კომპანია „ენკამ“ ხეობა დატოვოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, – ეს აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია.

რაც შეეხება პროტესტის ფორმებსა და სამოქმედო გეგმას, როგორც დაანონსებულია, ორგანიზატორები ამის შესახებ დღეს საგანგებოდ მოწყობილი ტრიბუნიდან ისაუბრებენ. დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის მზადება აქტივისტებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. დღეს დილით ადრე კი, ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და თბილისისაკენ დაიძრნენ. პარალელურად, მათ სხვადასხვა რეგიონში თანამოაზრეებიც შეუერთდნენ და საბოლოოდ პროტესტის ეპიცენტრი ახლა დედაქალაქია. რაც შეეხება უშუალოდ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებას, პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები და მონაწილეთა ნაწილი ისევ სოფელ გუმათში რჩება. ხეობაში არიან სამართალდამცველებიც. სოფელ ნამოხვანისაკენ მიმავალი გზა კი ამ დრომდე გადაკეტილია. დღეს პროტესტის 209-ე დღეა,  დემონსტრაციას სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

#მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE