„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური ალიანსი დატოვა
გაუშვეს თუ თავად დატოვეს – „ნაციონალური მოძრაობა” ალიანსის წევრი ოფიციალურადაც აღარ არის.
მარტში შექმნილ ოპოზიციურ ერთობასთან რამდენიმე თვიანი ფორმალური თანამშრომლობა საბოლოოდ დასრულდა. ყოფილი მმართველი პარტიის ლოგო ალიანსის ლოგოდან ამოიღეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ გაერთიანებიდან არავის გაუძევებია და გასვლა მათი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ფაქტია ისიც, რომ პარტია, რომელიც ალიანსის აქტივობებსა თუ შეხვედრებში არ მონაწილეობას თავადაც არ უარყოფდა, თვეების განმავლობაში გაერთიანებიდან გასვლისგან მაინც თავს იკავებდა და ალიანსში ფორმალურად ყოფნაზე მიუთითებდა. და ეს მაშინ, როცა წესების და ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევის გამო ალიანსში შემავალმა ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ კარისკენ არაერთხელ მიუთითეს. შიდა დაპირისპირება და უთანხმოება ალიანსის შექმნიდან მალევე დაიწყო – მიხეილ სააკაშვილი გაერთიანების სამოქმედო გეგმებს ყველა ჯერზე იწუნებდა, ალიანსის წევრ სუბიექტებს კი არა მხოლოდ აკრიტიკებდა, საჯაროდ მძიმე ბრალდებებსაც უყენებდა.