„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა - შეფასებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აშშ-ში, ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსთან“ 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, 360 ათასი დოლარი გადაიხადა ექვსი თვის მომსახურებისთვის. ეს თანხა მოიცავს ყველა ხარჯს, გარდა მგზავრობის ხარჯებისა, რომელიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. დოკუმენტის მიხედვით, დაქირავებული კომპანიის ვალდებულებაა აშშ-ის მთავრობის წინაშე პარტიის ინტერესების დაცვა, მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია გეგმავს პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერას და აშშ-ის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაღრმავებას. კონტრაქტის პირობებით, მომსახურება მოიცავს მთავრობის წინაშე ადვოკატირებას, ურთიერთობების სტრატეგიის შემუშავებას და დემოკრატიული პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სავალდებულო რეგისტრაციას FARA-ს ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ კომპანია აშშ-ის კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს და ყველა ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი. დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ხელშეკრულებას ხელი პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა.