ამერიკაში უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტურ კომპანიას 360 000 დოლარი გადაუხადა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საქმიანობის მიმართულებებს შორის ვკითხულობთ, რომ კომპანიის მოვალეობებში ხელახალი არჩევნების მიღწევაში დახმარებაც შედის. დოკუმენტებით დგინდება, რომ „ნელსონ მალინსის“ კომპანიიდან თანხა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩეულ რესპუბლიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონსაც აქვს მიღებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საუბრობენ როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათთვის სიახლე არაა, რომ ჯო უილსონი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მესიჯბოქსით საუბრობდნენ და ამაში ამერიკელი კონგრესმენი თანხას იღებდა.