„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა. რა არის მიზანი: „ადვოკატირება შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე. რჩევებისა და დახმარების გაწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერისთვის შეერთებულ შტატებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევის ხელშეწყობა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის“- აღნიშნულია 11 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ამასთან, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორისაა სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.