„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ, „პალიტრა ნიუსის“ ეთერში, ოპოზიციის პოლიტიკურ იდენტობასა და პროტესტის ეფექტიანობაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი გზავნილია, რომ ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ იდენტობა ფრაზით – ნაცები არ ვართ, მაგრამ რჩება კითხვა, ვინ არიან მაშინ? მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის კვლავ გაურკვეველია, რეალურად ვინ არიან და რას სთავაზობენ ამომრჩეველს. სანიკიძის შეფასებით, ქართული პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს და სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილი საგარეო კონტაქტებით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველაზე მეტს მისი გუნდი აკეთებს. სანიკიძის მტკიცებით, დიდი ოპოზიციური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ვერ შედგება. მან განმარტა, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა, მხოლოდ ქუჩის პროტესტით არ შემოიფარგლება და მთავარი ბერკეტები, საერთაშორისო სივრცეშია კონცენტრირებული. მისი შეფასებით, ხელისუფლების შესაძლო ჩამოშლის დაახლოებით 70 პროცენტი ქვეყნის გარეთ წყდება, დარჩენილი 30 კი შიდა პროცესებზეა დამოკიდებული. პოლიტიკოსის თქმით, პროტესტს თავისი ლოგიკური დრო და მომზადება სჭირდება და მოლოდინი, რომ მასობრივი 200 ათას კაციანი გამოსვლები ერთ დღეში დაიწყება, რეალისტური არ არის. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს განმარტეს, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების გაერთიანება და ვარდების რევოლუციის მსგავსად შესაძლებელია შეიცვალოს ხელისუფლება. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთანხმებიან და ადასტურებენ, რომ ოპოზიციური სპექტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებს.