„ნაციონალური მოძრაობის“ შეკრება გაერთიანების გარეშე

ერთიანობის თუ საბოლოო გაყრის მანიფესტი – „ვარდების რევოლუციის“ 20-წლისთავისადმი მიძღვნილი პარტიული შეკრება არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს.

ორ გუნდად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილ შეკრებას მართავს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდი ღონისძიებაზე არ მივიდა. შესაბამისად, ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებული მელიას ხელმოწერა დიდი ალბათობით არ იქნება მანიფესტზე, რომლის პრეზენტაცია დღეს მოხდა. ეს კი პრაქტიკულად მის წასვლას ნიშნავს. ხაბეიშვილთან დაპირისპირებულ ექს-თავმჯდომარეს პარტიის ლიდერებმა უკვე ღიად უთხრეს, რომ შიდა კრიზისში მყოფ პარტიაში ერთიანობის მისაღწევად მიხეილ სააკაშვილის მიერ შედგენილ 11-პუნქტიან მანიფესტზე ხელის არ მოწერა პარტიის დატოვებას გულისხმობს. თანაგუნდელების ნაწილი არა, თუმცა შეკრებაზე იმყოფებიან პარტიის ახალი პოლიტიკური პარტნიორები.