„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის დახურვა

საარჩევნო მზადების ფინალური ეტაპი – „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს.

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ოპოზიციის ჩრდილოვან კოალიციურ კაბინეტთან ერთად შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს. მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის წევრებთან ერთად საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართავს. პირველი ტურისგან გასხვავებით, მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატის საარჩევნო ტაქტიკა შეიცვალა. თუ პირველ ტურამდე ძირითადი აქცენტი რეფერენდუმზე, როგორც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის ინსტრუმენტზე კეთდებოდა, 2 ოქტომბრის შემდეგ დედაქალაქში გაჩნდა მელიას ბანერები, სამი მთავარი საარჩევნო დაპირება, წინასწარ დაკომპლექტდა კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა კიდევ ხუთი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი.