„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გეგმა

დაანონსებული მწვავე, თუმცა ამ ეტაპზე ვერშემდგარი პროტესტი.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედების ტაქტიკას ცვლის და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში ინაცვლებს. თუმცა აქციები, რომლებიც დედაქალაქიდან დაიწყო და ახლა რეგიონებში გრძელდება, მასშტაბური ნამდვილად არ არის. ბრძოლის ახალი სტრატეგია, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტსაც გულისხმობს, არა მხოლოდ დანარჩენ ოპოზიციაში, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც უთანხმოების თემაა. ნიკა მელიას მხარდამჭერი ლიდერები ლევან ხაბეიშვილს მოქმედების ტაქტიკას უწუნებენ. თავად ხაბეიშვილი კი გაცხადებულ პოზიციას არ ცვლის და ხელისუფლებას მოვლენების მძიმედ განვითარებით ემუქრება.

დაანონსებულ გეგმას სკეპტიკურად უყურებენ და მასში ხელისუფლების დასუსტების პერსპექტივას ვერ ხედავენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები. მმართველი გუნდისთვის კი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია უკვე დაშლილი და გამარგინალებულია.