„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არითმეტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დანარჩენ ოპოზიციას საკუთარი პარტიის უპირატესობაზე მიუთითებს.
ლევან სანიკიძე პოლიტიკურ აქტორებს ყოფილი მმართველი პარტიის დამსახურებებს ახსენებს და ხაზს უსვამს, რომ ქართული პოლიტიკა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს. ამ განცხადების ადრესატები ის ოპოზიციური ძალები არიან, რომლებიც არაერთი მოწოდების მიუხედავად, დიდი ოპოზიციური ერთობის ფორმირების იდეას ემიჯნებიან და მიზეზად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორს ასახელებენ. სანიკიძის გამოსვლაში იკითხებოდა საყვედურნარევი ტონიც ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ, გაჟღერდა კრიტიკული შეფასებები სალომე ზურაბიშვილის მისამართითაც, რომელსაც პასიურობაზე და მარტო მოქმედებაზე ღიად მიანიშნებენ. საერთაშორისო კონტაქტების გამოყენების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებად ცხადდება ხელისუფლებაზე გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლაც. პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრის განცხადებებმა პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ უფრო გაააქტიურა ორი საკითხი – აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა აქვს ოპოზიციის გაერთიანებას და რა ადგილი უკავია ოპოზიციური სუბიექტების სამოქმედო სტრატეგიაში საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რასაც მმართველი გუნდი გარე ძალების დავალებების შესრულებად აცხადებს – არაერთგვაროვანი რეაქციები დესი ვარდოსანიძემ მოისმინა.