„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციაზე დღეს იმსჯელებს. ფრაქცია 32 წევრით დაკომპლექტდება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, მიმდინარე კვირიდან საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩაერთვებიან და ყველა იმ კანონპროექტის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს, გარდა ამნისტიის კანონისა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლის პარალელურად, ოპოზიციური პარტია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.