„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია
აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად რიყის პარკში დღეს მაინც შეიკრიბნენ. აქცია ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებიდან ხუთი წლისთავს მიეძღვნა. სიტყვით გამომსვლელებმა სააკაშვილის დამსახურებებზე ისაუბრეს და ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ გზად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გაგრძელება გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები ექს-პრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და ხელისუფლებას პარტიის წინააღმდეგ მრავალწლიან რეპრესიებში ადანაშაულებენ. შეკრებაზე იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის დედაც. აქციაზე სხვა პოლიტიკური ძალები არ გამოჩენილან. იმ არგუმენტით, რომ რიყის პარკში „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სამზადისი მიმდინარეობს, შსს-მ აქციის მონაწილეებს შეკრების სხვა ადგილზე და სხვა დროს გამართვა ურჩია და გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელა. უწყებამ დღევანდელი შეკრების ორგანიზატორებს მოუწოდა, სადღესასწაულო ღონისძიებების სამზადისისთვის ხელი არ შეეშალათ და „რიყის დოქების“ მიმდებარე ტერიტორიას არ მიახლოებოდნენ.