ცესკო-ს პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე

ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ბეჟაშვილის მტკიცებით, თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბად გადააქცია.

ოპოზიციური პარტიის წევრმა პრესკონფერენციაზე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც მისივე თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან.

ბეჟაშვილის თქმით, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია. ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ უმრავლესობაში.