„ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტაციები კეზერაშვილთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კვიპროსში დავით კეზერაშვილთან მორიგი კონსულტაციებისთვის გაემგზავრნენ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლევან ხაბეიშვილთან ერთად პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი შეხვდებიან. ინფორმაცია დაადასტურა პარტიის თავმჯდომარემ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ახლა მთავარი კითხვაა, რა მიზნით ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი რგოლი კეზერაშვილს, რომელიც პარტიის არაფორმალურ მმართველობაში ამავე პარტიის წევრებმა არაერთხელ დაადანაშაულეს.

საქართველოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულ და „ბიბისის“ მიერ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემის მთავარ ფიგურანტად დასახელებულ კეზერაშვილთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრა შეფასებების თემაა თბილისში. დაგეგმილი შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კეზერაშვილის გავლენის დადასტურებად შეაფასეს. ითქვა ისიც, რომ პარტია არაფორმალური მმართველისგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებს.