„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის ახალი სტრატეგია.

პარტია გეგმას კიდევ ერთხელ ცვლის და ამჯერად ქუჩიდან ისევ პარლამენტში დაბრუნებას აპირებს. თუმცა გუნდის შიგნით ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა ფორმით დაეწყოთ საპარლამენტო საქმიანობა – რამდენიმეთვიანი ბოიკოტი შეწყვიტონ და სრულფასოვან საკანონმდებლო მუშაობაში ჩაერთონ, თუ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად შევიდნენ. საუბარია კომისიაზე, რომელმაც პარტიის მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს. თუმცა, საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის გარშემო პარტიაში აზრები გაყოფილია. გავრცელებული ცნობით, პარტიაში შიდა უთანხმოებაა – ამ ეჭვს წინა კვირას მომხდარი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებიც ამყარებს.