„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები

აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ის უკრაინელი პოლიტიკოსია და ქართული პოლიტიკა მისი ინტერესის სფერო აღარაა – ეს საკითხი დღეს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას სწორედ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს და ამ საკითხზე პატიმარ სააკაშვილთან კონსულტაციებიც კი მიმდინარეობს.

დღეს თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტული ჯერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი, თუმცა პარტიის წევრები ამბობენ იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი მხარდამჭერებისთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად მიიჩნევენ, რომ კარგი იქნება, თუკი მიხეილ სააკაშვილი უფრო აქტიურად ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში. საკითხზე შეფასებები კეთდება სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც.