„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა

ორ ბანაკად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

ამ დრომდე გაურკვეველია, რა ფორმით წარდგება ამომრჩევლის წინაშე ნიკა მელია, რომელიც პარტიიდან საერთოდ წასვლასაც არ გამორიცხავს. მასთან დაპირისპირებულმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს საზოგადოებას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი წარუდგინა. პოსტს მისი მოკავშირე გიორგი ვაშაძე დაიკავებს და ხაბეიშვილთან ერთად შექმნილი „გამარჯვების პლატფორმისთვის“ საარჩევნო ხმების მოპოვებას ახალი თანამდებობიდან შეეცდება. რა შედეგს მიაღწევს პარტია, სადაც უთანხმოება შიდა პარტიული არჩევნებიდან ამ დრომდე გრძელდება, ეს მომავალი წლის ოქტომბერში გაირკვევა. მანამდე კი რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს გაერთიანებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი საკუთარი პარტიის წევრებს კონკრეტულ რჩევებს სთავაზობს და უცნობი ახალგაზრდების იმედზე ყოფნის ნაცვლად, ძველი თაობის ამომრჩეველთან მუშაობის გააქტიურებას ითხოვს.