„ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნის გეგმა სააკაშვილისგან
შიდა კრიზისული ვითარების განმუხტვას „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი ძირეული რეფორმის გატარებით ცდილობს.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომ შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის ხელმძღვანელად საკუთარ თავს, აღმასრულებელ მდივნად კი ნანუკა ჟორჟოლიანს მოიაზრებს. სააკაშვილის მხარდაჭერის მიუხედავად, ჟორჟოლიანმა პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. პარტიაში დაანონსებული მასშტაბური ცვლილებების ფონზე გაჩნდა კითხვა – ხომ არ იზღვევს ყოფილი მმართველი პარტია გაუქმების შემთხვევაში თავს და ხომ არ ქმნის რეფორმატორთა საბჭოს სახით ალტერნატიულ პლატფორმას, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი პარტიის წევრებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოიაზრებს. მითუმეტეს, არაერთხელ ითქვა, რომ საბჭო არაპარტიული ორგანო იქნება. ახლა პარტიაში გარდამავალი პერიოდი ცხადდება – დღეიდან თავმჯდომარეს და პარტიულ თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. შიდა უთანხმოებების და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე უცნობია, ვინ გახდება პარტიის ახალი თავმჯდომარე და როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ოპოზიციურ ალიანსთან, რომელმაც სააკაშვილის პარტიას კარისკენ არაერთხელ მიუთითა.