„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა არა ჩვენს პარტიაზე, ანდაც პირადად მიხეილ სააკაშვილზე, არამედ „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე, რამაც დამატებითი საკვები მისცა რუსი ოლიგარქის პროპაგანდას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ, არასამთავრობო თუ არაფორმალურ საზოგადოებრივ გაერთიანებებს მოუწოდებს, დაგმონ ამგვარი ძალადობა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს თან ჰქონდა მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ბანერი, რამაც აქციის სხვა მონაწილეებისა და ორგანიზატორების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, მათ შორის იყო გოტა ჭანტურია, რომელმაც მოქალაქეს მოუწოდა, ბანერი აქციიდან გაეტანა. ამ ინციდენტის შემდეგ, დღეს უკვე თავად გოტა ჭანტურია გახდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკის ადრესატი.