„ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის გეგმები

მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შეცვლის შემდეგ აქტუალური ხდება შეკითხვა – რა გავლენას მოახდენს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკაში ჩართვა მისი პარტიის და დანარჩენი ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლების დამარცხების მთავარ რესურსს სწორედ ყოფილ პრეზიდენტში ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოწოდებას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პირდაპირი უარით ან სკეპტიციზმით უპასუხა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი უახლოეს პერიოდში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ოპოზიციური გაერთიანების ფორმირებას აანონსებს. უცნობია, ვინ მოიაზრებიან ამ გაერთიანებაში, რადგან, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დატოვების მაღალი ალბათობის მიუხედავად, მცირე პოლიტიკურ ძალებს მაინც დამოუკიდებელი გეგმები აქვთ. „ლელოს“ შეთავაზებაზე გამოხმაურების გათვალისწინებით, ბუნდოვანია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივაც.