„ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მთავრობა და შეფასებები

რა დატვირთვა აქვს ჯერ არ მოგებული არჩევნების წინ თბილისის ჩრდილოვანი კაბინეტის წინასწარ წარდგენას – „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია, რომელსაც 2 ოქტომბრის შედეგების მიხედვით კახა კალაძესთან შედარებით მხარდაჭერის თითქმის 11%-ით ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები, როგორ უნდა მართოს 4-პარტიული ოპოზიციური შემადგენლობის მთავრობამ დედაქალაქი საკრებულოსთან ერთად, სადაც მანდატების უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს. სწორედ საკრებულო ამტკიცებს დედაქალაქის ბიუჯეტს და მის წინაშეა ანგარიშვალდებული ყველა გამგეობა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კოალიციურ ჩრდილოვან კაბინეტს არასერიოზულად განიხილავს ოპოზიციის ნაწილი. რაც მთავარია, კოალიციური ერთობისგან გამიჯნულია არჩევნებში მესამე ადგილზე გასული გიორგი გახარიას პარტია, რომლის მხარდამჭერთა ხმებს მეორე ტურში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.