„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი ქუთაისში

2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ მხარდამჭერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით დაარბია.

გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა. გამვლელმა ავტომანქანამ გაბმული საყვირი მისცა, რასაც საპასუხოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ისინი ავტომობილთან მივიდნენ, იყო შელაპარაკება, მოგვიანებით კი ვაშაძის მხარდამჭერებმა ავტომობილს წიხლები დაუშინეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა. მოგვიანებით ვაშაძემ ინციდენტს „ქართული ოცნებისგან“ და სუს-გან მართული უწოდა.