„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოს განათლების სამინისტროს, ავტორიზაცია გაუვლელი რუსული სკოლების ფუნქციონირებაში ადანაშაულებს. აღნიშნულზე ბრიფინგი დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, განათლების სამინისტროსთან გამართა. ფავლენიშვილმა დაასახელა კონკრეტული სკოლებიც, რომელთაც, მისი ინფორმაციით, ავტორიზაცია გავლილი არ აქვთ და სადაც რუსეთიდან საქართველოში შემოსულ და აქ მყოფ მოზარდებს, რუსული კურიკულუმით ასწავლიან.
ოპოზიციონერის მტკიცებით, ამ და მსგავსი ტიპის სხვა სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, თითქოს საქართველო აგრესორი სახელმწიფოა, ხოლო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში მოქმედი უცხოური სკოლების საქმიანობას და უზრუნველყოს, რომ განათლების სისტემა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდეს. განათლების სამინისტრო აღნიშნულ ბრიფინგს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.