„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სტრატეგია

პარტიის თავმჯდომარე მორიგ გეგმას ახმოვანებს, რომელიც საქართველოში მოლდოვური არჩევნების ანალოგის შექმნას გულისხმობს. საუბარია არჩევნების დროს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების ხმების მაქსიმალურად მობილიზებაზე, რის მისაღწევადაც ყოფილი მმართველი პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას აანონსებს. 2020 წლის არჩევნებზე სწორედ უცხოეთში მყოფი მოლდოვური დიასპორის 85%-ის ხმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სანდუს გამარჯვებაში. მომავალ გეგმაზე საუბრის დროს მელიას მხრიდან არ დაკონკრეტებულა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებებით დასტურდება, რომ ვადამდელი არჩევნები პარტიის დღის წესრიგში რჩება. იდეას ნეგატიური რეაქციები მხოლოდ მმართველი გუნდიდან არ მოჰყოლია. ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ოპოზიციურ სპექტრშიც დაუწუნეს და შეახსენეს, რომ ამომრჩევლების მობილიზების მთავარი გზა იდეების შეთავაზებაზე გადის.