„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას მართავს
ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს. უნდა აირჩიონ დროებითი მმართველი ორგანო. სხდომას ესწრება თინა ბოკუჩავაც. ის 30 ივლისს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია და განაცხადა, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო. დღევანდელ ყრილობაზე აირჩევენ რეგიონულ ხელმძღვანელებსაც. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილს, რამაც პარტიაში დაპირისპირება გააღრმავა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან კანდიდატები და როდის მოხდება თავმჯდომარის არჩევა.
პარტიაში არ უარყოფენ რომ აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, ამტკიცებენ, რომ ეს ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
დაძაბულობის პარალელურად, ქვეყნის ფარგლებში ექვსთვიანი შეხვედრები დააანონსა ნანუკა ჟორჟოლიანმა. პირველი შეხვედრა თბილისში მან უკვე გამართა. დღევანდელ ყრილობას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, რომლებსაც თავად უდგას სათავეში, ნანუკა ჟორჟოლიანი კი აღმასრულებელი მდივანი იქნება.