„ნაციონალური მოძრაობა“ ვიცე-სპიკერობისთვის იბრძვის

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ვაკანტური პოსტი პოლიტიკური დავის საგანი ხდება.

სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის არჩევის შემდეგ გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატურაა წარდგენილი. ვიცე-სპიკერობა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს სურს. არაერთი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამჯერად ყველა საკანონმდებლო ბერკეტის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს და ვიცე-სპიკერის ოპოზიციისთვის განკუთვნილ პოსტსაც ამ კონტექსტში განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად ლევან ბეჟაშვილს „ქართული ოცნების“ ხმებიც სჭირდება, თუმცა მმართველი გუნდი მისი კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს. საპარლამენტო პოსტის დაკავების სურვილი შიდა დაპირისპირების გამწვავების მიზეზი გახდა ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ნიკა მელია თანაგუნდელებს აკრიტიკებს, ბეჟაშვილს კი კვალიფიკაციას უწუნებს.