„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის 

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ხვალ „ნაციონალური მოძრაობა“ სრული შემადგენლობით პარლამენტში შევა.

პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ 32-კაციან საპარლამენტო ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეცვლილა – შარლ მიშელის შეთანხმებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა მაინც არ ექნება. თავის მხრივ ძალაში რჩება მმართველი გუნდის დაპირება, რომლის მიხედვით ხელმოწერის გარეშე პარტია 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების სამუშაო ჯგუფებში და ძალაუფლების გადანაწილების პროცესში ვერ ჩაერთვება. საინტერესოა, როგორ წარიმართება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო საქმიანობა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ საერთაშორისო მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მანდატების მიღება პოლიტიკური შეცდომაა.