„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს

კლინიკა „ვივამედთან“ მხარდამჭერებთან ერთად მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ადგილზე მან განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა და თქვა, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სასწრაფოდ საჭიროებს გადაყვანას რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც განზრახ არ კეთდება. ხაბეიშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საკითხი ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და გათავისუფლებაა. აუცილებელია პარტიის გააქტიურება და მობილიზება. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებაც „ქართული ოცნების“ მისამართით. ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ პარტია მზად იქნება დატოვოს პარლამენტი და მუნიციპალური საკრებულოები და ბრძოლა ნულიდან ხელახლა დაიწყოს. ხაბეიშვილმა ასევე მოუწოდა ნიკა მელიას მხარდამჭერებს ერთიანი ბრძოლისკენ. დღესვე კლინიკა „ვივამედთან“ იმყოფებოდა პარტია „გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩიაც.