„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბოიკოტს წყვეტს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 30 სკამი ცარიელი აღარ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ექვსთვიან ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება, თუმცა თავისი დღის წესრიგით. ერთ-ერთ მთავარი გეგმა კი მიხელ სააკაშვილის პატიმრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რისთვისაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს აპირებს. საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე გამოცხადებული საერთო ბოიკოტის, შვიდი თვის შემდეგ პარლამენტში შესვლის, ერთ თვეში კი ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის შემდეგ პარტიამ სამოქმედო ტაქტიკა კიდევ ერთხელ შეცვალა და პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო – იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციას არ ცნობდა. თუმცა, ამ ნაბიჯს წინ ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა, რადგან გუნდში პოზიციები გაყოფილი იყო. გადაწყვეტილებას მიესალმება და მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის კონტექსტში დადებითად აფასებს პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.