„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. საქმე ქობულეთი-ზენითი-ალამბრის გზის მშენებლობის პროექტს ეხება.

ოპოზიციური პარტიის წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ მას მოპოვებული აქვს აუდიტის დასკვნა და ამ დოკუმენტის მიხედვით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ფარული სამუშაოების აქტებით დადასტურებამდე მიმწოდებელზე გადახდილია მილიონ ლარზე მეტი, ასევე, არ არის შეფასებული 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოს ხარისხი და მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების ფარულ სამუშაოებზე ექსპერტის მიერ არ არის დადგენილი სამუშაოების მოცულობა.

აუდიტის კვლევა 2016-2017 წლებს ეხება. ამ პერიოდში აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი იყო. თავად ჩიქოვანი ოპონენტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდება აჭარის მთავრობის წარმატებული მუშაობის დისკრედიტაციის მცდელობაა.

დატოვე კომენტარი