„ნაციონალური მოძრაობა“ ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს

აღდგება თუ არა ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიები – საკითხზე პოლიტიკურ მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სიების აღდგენას სთხოვს, მმართველი გუნდი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს ამ პოზიციის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის ეშინია, რის გამოც მათ მანდატების აღების საშუალებას არ აძლევს. ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სიების გაუქმების მიზნით, ცესკო-ს გასულ წელს თავად მიმართეს. ამის გამო, ისინი პარლამენტში მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ჩანაცვლებას ვერ ახერხებენ.