„ნაციონალური მოძრაობა“ აქციის გამართვას გეგმავს 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ საპროტესტო აქციას აანონსებს.

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური ბერკეტი, რითიც ისინი ხელისუფლებას აიძულებენ მოთხოვნების შესრულებას. აქციის მონაწილეები ცენტრალურ გამზირზე 21 დეკემბერს შეიკრიბებიან. მმართველი გუნდი ამ შეკრებას სააკაშვილის იუბილისადმი მიძღვნილ პერფორმანსს უწოდებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტების გეგმებს დესტაბილიზაციის კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევენ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლები მნიშვნელოვანი ბერკეტია ოპოზიციის ხელში, ზოგიერთ ოპოზიციონერს კი მიაჩნია, რომ სააკშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსგავსი გამოსვლები უშედეგოა და აუცილებელია მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა სამართლებრივად იდავოს.