„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან გარიცხეს
„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გარიცხეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარიცხვის შესახებ პარტიაში მას შემდეგ შეიტყვეს, რაც „ოპოზიციის ალიანსის“ ახალი ლოგოდან „ნაციონალური მოძრაობა“ ამოშალეს. ორი დღის წინ პარტიაში საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რომ გაერთიანებიდან არავის გაუძევებია და გასვლა თავად გადაწყვიტეს. პარტია, რომელიც ალიანსის აქტივობებსა თუ შეხვედრებში არ მონაწილეობდა, თვეების განმავლობაში გაერთიანებიდან გასვლისგან მაინც თავს იკავებდა და ალიანსში ფორმალურად ყოფნაზე მიუთითებდა. ამავე დროს წესების და ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევის გამო ალიანსში შემავალმა ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ,,ნაციონალურ მოძრაობას” კარისკენ არაერთხელ მიუთითეს. შიდა დაპირისპირება და უთანხმოება ალიანსის შექმნიდან მალევე დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი გაერთიანების სამოქმედო გეგმებს ყველა ჯერზე იწუნებდა, ალიანსის წევრ სუბიექტებს კი არა მხოლოდ აკრიტიკებდა, საჯაროდ მძიმე ბრალდებებსაც უყენებდა.