„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგს უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგს, სადაც პარტიის წევრებმა „ქართული ოცნება“, გუშინ „რუსთავი 2“-თან გამართული აქციის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

გიორგი ბოტკოველის დღევანდელ განცხადებას, ცოტა ხნის წინ ასევე მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი, თელავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, მიხეილ გრემელაშვილიც გამოეხმაურა. ის ადასტურებს, რომ აქციაზე „რუსთავი 2“-თან ნამდვილად იმყოფებოდა და ამის მიზეზად, გულწრფელ პროტესტს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განცხადება გაკეთდა, სადაც გიორგი ბოტკოველმა თქვა, რომ აქცია რომელიც გუშინ მეღვინეებმა და მევენახეებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გამართეს, „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის ორგანიზებული იყო. ოპოზიციური პარტიის წევრის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილების 80 პროცენტს ვენახი საერთოდ არ აქვს. იმის დასადასტურებლად, რომ გამოსვლა მმართველი პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, ბოტკოველმა ბრიფინგზე რამდენიმე ადამიანის ფოტოც წარმოადგინა. მისი განცხადებით, აქციაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ასევე თელავის საკრებულოს წევრები.