„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი დაიწყო.

ერთწლიანი შიდა დაპირისპირების და მწვავე ურთიერთბრალდებების შემდეგ პარტიიდან რამდენიმე წევრი წავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღარ ირიცხებიან ბათუმის ორგანიზაციის წევრები – მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე. პარტია დატოვა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმაც. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფლანგს წარმოადგენენ და მოქმედ მენეჯმენტს არჩევის დღიდან აკრიტიკებენ. არც ერთ მათგანს მიხეილ სააკაშვილის მიერ შიდა ერთობის აღსადგენად ინიცირებულ მანიფესტზე ხელი არ მოუწერია. უკვე ცნობილია, რომ წასულები პოლიტიკურ საქმიანობას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ. ახლა მთავარი შეკითხვაა, იქნება თუ არა ეს პლატფორმა მელიას ახალი პარტია. მოქმედი თავმჯდომარის მიერ გარიცხულად გამოცხადებული ყოფილი თავმჯდომარე კვლავ დუმილს ინარჩუნებს და მომავალ გეგმებზე არაფერს ამბობს.