ვაკეში დაჭრილი 38 წლის ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკული ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა ბუბა შალამბერიძემ განუცხადა. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გუშინ დღის მეორე ნახევრისთვის შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა სახსარში და შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ დროისთვის პაციენტი გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. დაჭრილი ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა, რომელიც სამშენებლო კომპანია „ტაგი გრუპის“ ერთ-ერთი მეწილეა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ბიზნესწილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მამაკაცი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იურიდიულ ფირმასთან გუშინ მომხდარი შემთხვევიდან მალევე აიყვანეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.